Thursday, October 27, 2011

როცა ვუსმენ ამ ნაწარმოებს ვგრძნობ...

...გაზაფხულის სული ტრიალებს ირგვლივ... ყვავილების სურნელი მათრობს და მინდება პეპელასავით მათ ფურცლებზე ნაზად ფარფატი... თუნდაც სამი, მხოლოდ სამი დღე ვიცოცხლო... სამი დღის შემდეგ კი გადავიქცევი ფუტკრად... ალუბლების ვარდისფერი ყვავილები მხიბლავს და ვტკბები მათი ნექტრით... ალუბლებიდან მინდვრის ყვევილებისკენ გადავინაცვლებ, როგორი ეგზოტიკური გემო და სურნელი აქვთ მინდვრის ყვავილებს... ფუტკრის შემდეგ გავხდები პატარა ჩიტი... გაზაფხულის მაცოცხლებელი და ოდნავ ცივი წვიმის შემდეგ დგება პატარა გუბურა... მე ამ გუბარას დავეწაფები... როგორც პატარა ღაბუა ჩიტი, რომელიც მთელი ზამთარი ველოდი ამ დღეს... გაზაფხულის დადგომას ველოდი დიდხანს და არ მივფრინავდი თბილ ქვეყნებში, ვიცოდი რომ გაზაფხული ისევ მოვიდოდა და აი ისიც...

მერე ისევ ყვავილები, ისევ პეპელა, ისევ ფარფატი და ტკბობა... ტკბობა სურნელით, ფერებით, თბილი მზით და მაცოცხლებელი წვიმით... ისევ ფუტკარი და ალუბლის ნექტარი... ისევ ჩიტი და პატარა გუბურა... ისევ ყვავილები... და ისევ... და ისევ ოცნება...

რატომ არის ოდნავ სევდიანი ეს ნაწარმოები?

იმიტომ, რომ ჯერ ისევ ზამთარია. ჯერ ისევ ცივა და თოვლია... სინამდვილეში გაზაფხული ჯერ არ მოსულა, მაგრამ მოვა... აუცილებლად მოვა... ზუსტად ისეთი როგორიც ჩემს ოცნებებშია... გაზაფხული მოვა და მე გადავიქცევი პეპელად, ფუტკრად და ღაბუა ჩიტად...

ჭია–ჭია მაია, ხვალ როგორი დარია?

Sunday, May 1, 2011

მამა, ბეღურა, ჩვენ – პატარები...


ერთხელ, მე და ჩემი ძმა პატარები, რომ ვიყავით სახლში ბეღურა ჩიტი შემოფრინდა. მახსოვს რამხელა სიხარული შემოიტანა ჩვენს სახლში ჩიტუნას მოულოდნელმა სტუმრობამ. მე და რეზიკო ვხტოდით, ვიცინოდით, ოთახიდან ოთახში გავრბოდით, შეშინებულ ჩიტუნას უკან მივსდევდით. მოკლედ ატყდა ერთი მხიარულება და ჟივილ–ხივილი... მახსოვს მამას გაბრწყინებული თვალები და რაღაც საოცრად თბილი ღიმილი, მთელ ოთახს რომ ანათებდა ისეთი... მამამ ჩიტუნა დაიჭირა და ჩვენ მოგვიყვანა, თავის დიდ და თბილ ხელებში ჰქონდა მომწყვდეული. თავიდან ჩიტი ფართხალბდა, მაგრამ მერე დამშვიდდა – იცოდა, რომ მამა არაფერს დაუშავებდა. მე და რეზიკომ პირველად ვნახეთ ასე ახლოდან ნამდვილი ცოცხალი ბეღურა... გული ორივეს გამალებით გვიცემდა, თითქოს რაღაც განძი აღმოვაჩინეთ, ცნობისმოყვარე თვალებით ვათვალიერებდით ღაბუა ჩიტს. ეს იყო საყვარელი პატარა არსება, რომელმაც ჩვენს სახლში რაღაც სიახლე, სიხალასე შემოიტანა... მამამ გვითხრა თუ ჩიტუნას თავისუფლებას ვაჩუქებდით ის სურვილს აგვისრულებდა...

და ჩვენ ვაჩუქეთ თავისუფლება...

Thursday, March 3, 2011

Just another suicidal story




ფოლადის გაყინული მასა ეხება საფეთქელს, ისე მაგრად აქვს მიჭერილი ალბათ წითელი ნიშანი დააჩნდება მალე... იარაღი მარჯვენა ხელში უჭირავს, ძარღვები ლამისაა გასკდეს მთელი ორგანიზმიდან წამოხეთქილი სისხლით... იმხელა ენერგიის მოზღვავებას გრძნობს მუჭში რომ ლამისაა ხელში შემოადნეს ლითონის მასა... რა მძიმეა ამ ყველაფრის გააზრება მაგრამ გრძნობ რომ ხსნამდე არც ისე ცოტა გაკლია... ჩვენი გმირი სასოწარკვეთილებისგან თვითმკვლელობამდე მისულა, ფიქრობს რომ ამით იხსნის თავს მძიმე მდგომარეობიდან, გაურბის ყველას და ყველაფერს. სამწუხაროდ საკუთარ თავს, ყველაზე მძიმე მსაჯულს ვერ ემალება, ალბათ უფრო ამ მიზეზით აიხსნება მისი სურვილი, მალე რაც შეიძლება მალე დასრულდეს ყველაფერი... ხელიდან სიმხურვალე იარაღზე გადავიდა... ცოტაც სულ ცოტაც, წამიერად მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩაურბინა მაგრამ ამით მხოლოდ დიდი ტკივილი იგრძნო...


ათი წამი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, 9 წამი – დრო უფრო და უფრო ცოტა რჩება, 8 წამი – უკან დახევას აზრი არ აქვს, 7 წამი – სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის, 6 წამი – გემუდარები ნურაფერზე ფიქრობ, 5 წამი – უნდა ეცოდებოდს საკუთარი თავი? 4 წამი – სინანულის დრო ახლა არ არის, 3 წამი – ჯერ კიდეც არის დრო გადაიფიქრო, 2 წამი – ვინმეს დაწყდება გული? 1 წამი უფალო, იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი... დამთავდა... უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა... დაკარგული სიცოცხლე... უკუნეთი სიბნელე... სად ვარ ვერ ვხვდები... ვერ ვპოულობ საკუთარ თავს... თითქოს აქ ვარ და თან არც ვარ...
უ ს ა ხ ო...
უ ს ხ ე უ ლ ო...
უ ს უ ლ ო...

Sunday, February 6, 2011

მეზობელ კუპეში ვიღაც მწარედ ხვრინავდა...

მატარებელი თბილისი-ბათუმი... გასვლა 22:30

...00:00 აჩვენებს ჩემს მობილურზე, მატარებლის კუპეში ვარ, გამცილებელი უკვე თხუთმეტი წუთია აქ ზის და პირს არ აჩერებს... მთელი წელი თუ არა, მთელი დღე მაინც ველოდებოდი ამ მომენტს... მინდოდა მარტოს გამეცილებინა ახალი წელი... და აი რა ხდება - მე გამცილებელთან ერთად ვზივარ... ვუსმენ მისი მეუღლის, შვილების ისტორიებს... ისტორიებს თუ ვინ იყო, სად მუშაობდა... ახლა ვინ არის და ცოტაც და იმასაც გავიგებდ მომავალში რას აპირებს... ტირილი მინდა... ხმას არ ვიღებ. ჩემი ლექსიკონი შემოიფარგლება სიტყვებით – დიახ ან არა... ხმაზე მემჩნევა, რომ ცოტაც და ავბღავლდები... მობილურს ვუყურებ 00:00 ... ფანჯრებიდან ჩემი ვარაუდით გორი მოჩანს... ერთი-ორი მაშხალა გაისროლეს აქა-იქ... გამცილებელს არ ვეუბნები, რომ უკვე ახალი წელია... 01:20 წუთია გამცილებელი გავიდა თუ არა პატარა ბავშვივით ავქვითინდი... არა მაინც ჯობია, რომ აქ ვარ მარტო... მახსენდება განვლილი ახალი წლები, ის სიხარული და ფაცი-ფუცი რაც ჩვენს სახლში იყო ხოლმე... შარშანდელის გამოკლებით... კარგია რომ მარტო ვარ ასე გემრილად სხვაგან ვერ ვიტირებდი... ცოტა ხანში, რომ დავწყნარდი ჩემ თავზე მეცინებოდა - ჯერ ახალი წელი არ დამდგარა და მე უკვე მოვასწარი ტირილი... ეს მომენტები იყო ყველაზე ამაღელვებელი და რაღაცნაირი, არა ცუდი თქო ვერ ვიტყვი, ზოგიერთს ალბათ შევეცოდები კიდეც, მაგრამ მე არ ვთვლი რომ ეს ცუდი იყო... საცოდავი ადამიანი იმ მომენტში არაა როცა ტირის, არადა ამ დროს გვიჩუყდება გული, გვეცოდება, გულში ვიკრავთ და ვფიქროთ რითი დავეხმაროთ... ადამიანი საცოდავი მაშინაა სანამ იტირებს... ტირილით ის უკვე გულს იოხებს მანამდე კი გულდამძიმებული და უბედურია...

...რაც არ უნდა იყოს ახალი წლის ღამეა და შეიძლება ბევრმა რამემ გამოგიკეთოს გული... თუნდაც იმან, რომ ცხოვრებაში პირველად აკეთებ რაღაცას... ან იმანაც, რომ რაღაც გიჟური იდეა მოგივა თავში და გაქვს უნარი ეს ყველაფერი განახორციელო... სიგიჟეა ის რაც მე გავაკეთე... მაგრამ სამაგიეროდ გავაკეთე ის რაც ჩაფიქრებული მქონდა - ახალი წლის ღამე ზღვის პირას დამათენდა...

... ბათუმი თეთრ საბანში გახვეული... თეთრი კონკებით შემოსილი ნაძვის ხეები... სულ ყველაფერი განათებულია ... მე ცოტათი მაღიზიანებს, რომ ეს ხელოვნური მანათობლები უკარგავს თავის ხიბლს სიბნელეში თეთრად მოელვარე ქუჩებს, შენობებს, ხეებს... მივხრაშუნობ თოვლში და სანაპიროზე პირველ ნაკვალევს ვტოვებ... უფრო და უფრო ახლოს მივდივარ აღელვებულ ზღვასთან, შავი ზღვა იდუმალებით მოსილი, ბნელი და პირქუში, ნაპირს ეხეთქბა ძლიერი ტალღები, კენჭების, ტალღების, ზღვის სიმფონია გათრობს და გიზიდავს... სიამოვნებით შევუერთდებოდი ამ სტიქიას... ავყვებოდი ტალღების ცეკვას... მერე რა, რომ ცურვა არ ვიცი ))) ზღვა მიყვება შორეულ ამბებს... თავის ენაზე მიყვებიან ტალღები თუ რა გადახდათ შორეული ქვეყვებიდან მომალთ... მე განაბული ვზივარ და ვუსმენ... ამასობაში ირიჟრაჟა, ცას ლურჯი ფერი შეერია... საოცარი შეგრძნებაა როცა დგახარ სანაპროზე... გარშემო ყველგან თოვლია, ზღვისკენ გაიხედავ და ბუნება შიშვლდება შენს თვალწინ... მეორე მხარეს კი მოელვარე ნათურები, ილუმინაციები და სხვადასხვა სახის საახალწყო მაიმუნობები... ადამიანის შექმნილი... იმ მომენტში გინდება შეუერთდე ბუნების სისადავეს... შეუერთდე გაბრაზებულ ტალღებს სიბნელიდან რომ მოედინებიან... ზოგჯერ აჰყვე და იცეკვო მათთან ერთად, ზოგჯერ კი შეებრძოლო მათ და საპირისპირო მიმართულებით გაცულო... გრზნობ რომ არაფერი გესაქმება ილუმინაციებით განათებულ ხელოვნურ სამყაროში... შენი ადგილი აქ არის - სადაც ბუნება სულ შიშველია და მაინც იმ ყველაფერზე მდიდარი რაც კი ოდესმე შეუქმნია ადამიანს...

... ასტორ პიაცოლას მოვუსმენ თქო ვამბობდი... მაგრამ არა, იმიტომ რომ ეს კომპოზიცცია საღამოს უნდა მოისმინო, რიტმებს აყვე და იცეკვო... აქ კი მოვუსმენდი მოცარტს ან ბეთხოვენს... რაღაცას ისეთს, რაც ამ ბნელსა და აღელვებულ ზღვას მოუხდებოდა...

...შინ დაბრუნების დროა.. მაგრამ მანამდე ბათუმში ჩემს საყვარელ ადგილებს მოვინახულებ... ნელ-ნელა ჩემს კვალდაკვარ ქვრება ლამპიონები...

Wednesday, March 3, 2010

დედის დღე


დედის დღე..

პირველ რიგში, ყველა დედას გილოვავთ დედის დღეს, გისუვებთ ყოველივე საუკეთესოს!!!


ჩემი გმირის დედის დღე ცოტათი განსხვავებული. მილოცვებისგან, ყვავილებსგან და სადღესასწაულო განწყობისაგან დაცლილია.

აღმაშენებლის გამზირი, შენობებზე ხარაჩოები, ხარაჩოების ქვემოთ დგას მოხუცი ბებია, ძველ გაცრეცილ ჯოხს ეყრდნობა და მოწყალებას ითხოვს.
უცნაური ფუსფუსია გარშემო. ყველგან ყვავილები იყიდება, გოგონებს ხელში ყოჩივარდები უჭირავთ, ყველას ბედნიერი სახე აქვს. დღეს რაღაც განსაკუთრებული დღეა ალბათ. თუმცა, მოხუც ბებიას ეს ყველაფერი არ აინტერესებს, იმიტომ რომ მისთვის განსაკუთრებული დღეები არ არსებობს. მას წესიერად საცხოვრებელიც არ აქვს, პენსიას მევალეები ართმევენ. ლუკმა–პურის საშოვნელად ქუჩაში დგას, ყინვაში, წმიმიან და ქარიან დღეებში. ისეთ დღეებშიც, რომელიც სხვებსათვის განსაკუთრებულია, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს ბებოს არ ეხება.
გოგონა უახლოვდება, ხელში ბევრი ყვავილებიდან ორ კონა ყოჩვარდას იღებს და ბებოს აწვდის. ბებიას თვალებზე ცრემლი ადგება, გაყინული და უგრძნობი გული ულღვება, ეს მის სახეზე, მის ნაოჩიან სახეზე ოდნავ აკიაფებულმა ღიმილმა გათქვა.
მართალია ცხოვრებამ ძალიან მძიმე ბედი არგუნა, ის მაინც არ არის გაბოროტებული. მორჩილად დგას და ითხოვს მოწყელებას. თუ დაეხმარები დაგლოცავს, თუ არა და არც არაფერს არ გეტყვის, არც ცუდს გაიფიქრებს. მაგრამ შეიძლება იმ მომენტში, როცა შენ უბრალოდ ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ან ჩანთაში საფულის მოძებნა გეზარება, უნდა გაიხსენო რომ ბებოს დღეს საერთოდ არაფერი უჭამია. მისთვის ხუთი თეთრიც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გოგონამ ყვავილები აჩუქა მაგრამ არ უთქვამს რომ დედის დღეს ულოცავს. მოხუცს სახეზე სიხარულზე მეტად გაკვირვება ეტყობოდა. ამ ოთხმოც წელს მიტანებულ მოხუცებულსაც ყავდა შვილები. თუმცა იმის გახსენება, რომ ის დედაა ტკივილს გვრის.
შველები...
ერთ ბიჭი – უფროსი, ცოტათი ავარდნილი იყო. დედას არ ჰქონდა დრო რომ სახლში ყოფილიყო და უფრო მეტი ყურადღება მიექცია ადრე დაობლებული შვილებისათვის. 19 წლის იყო რაღაც უსიამოვნებაში გაეხვია. ერთ უსიამოვნებას მეორე მოჰყვა. ოქროს უბანში ცხოვრობდნენ მაშინ. დღესაც იქ ცხოვრობს ჩვენი ბებია, ოღონდ იმ სახლის სარდაფში სადაც ადრე ცხოვრობდა.
მოკლედ უფროსი შვილი ხელიდან წავიდა, ცხოვრება ვერ აეწყო. ამასობაში საქართველოშიც დიდი არეულობები დაიწყო. ერთხელ გასინჯა, ერთს მეორე მოყვა როგორც ხდება ხოლმე. დედა ამჩნევდა რომ სახლში ნივთები ქრებოდა, მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევდა. იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი უმისოდაც მოგვარდებოდა.
უმცროსი ხუთი წლით პატარა იყო. ბიჭებს ხშირად მოსდიოდათ უთანხმოება. უმცროსი მეტად ფიცხი ხასიათის იყო. ძმის მაგალითით იზრდებოდა. თუმცა ის წამალზე მეტად სხვების სქელ–სქელ საფულეებს ეტანებოდა. ერთხელაც ჩაავლეს და ჩასვეს 4 წლით. 4 წელი არ მოუწია პატიმრობა დროზე ადრე შეუწყვიტეს. ეს დედას ერთი ოთახის ფასად დაუჯდა, რომელიც კარის მეზობელს მიყიდა. თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფრო მეტად დახვეწილი და გაცნობიერებული იყო, როგორ უნდა მოეპარა ისე, რომ აღარ მოხვედრილიყო ციხეში. ჯიბის ქურდობიდან ბინების გაქურდვაზე გადავიდა. საქმე გამოდიოდა, წამლის ფული ყოველთვის იყო. საჭმელზე ყოველთვის დედა ზრუნავდა, მაგრამ სახლში თითქმის არ ჭამდა, მხოლოდ გამთენიისას მიდიოდა დასაძინებლად.
მეზობლები...
ორი შვილი ყავდა. ერთი ყალთაბანდი და უსაქმური ტიპები იყვნენ. არა მე ამას არ უნდა ვამბობდე ჩემი მიშიკოს პატრონი, მაგრამ... რა მოხდა რა მოუვიდაო? არ ამბობენ, მაგრამ როგორ არ ვიცით, ჰგონიათ ვერ ვხვდებით?! სახლშ მოხდა ეგ ამბავი? კი სახლში უპოვიათ საწოლის გვერდზე. ეს რომელი უმცროსი რომ იყო? არა, როგორც გავიგეთ უფროსი, თუმცა არც მეორე აკლებს და თუ ასე გააგრძელა მიყვება თავის ძმას. ჩშშშ.. არ გაიგონ.
მრავალი ტანჯვის და წამების მიუხედავად, დედისთვის ორი შვილი სიცოცხლეზე მეტად ძვირფასი იყო. რას არ გააკეთებდა რომ არაფერი დაკლებოდათ. მზად იყო ყველაფერი გაეყიდა და თავი მოეკლა მათი გულისთვის. ნარკომანობასაც და ქურდობასაც აპატიებდა, მთავარი ის იყო, რომ ცოცხლები ეგულებოდა. ახლა კი თითქოს გულის ნახევარი ამოგლიჯეს. ამ ტკივილის გაქარვება არავის შეეძლო. ახსენდებოდა მისი პატარაობა, როგორ აიდგა ფეხი, მამასთან ერთად როგორ თამაშობდა. ღმერთო გევედრები იქნებ დაბრუნდეს ისევ იმ დროში, იქნებ მოახდინო სასწაული დაბრუნდეს ისევ იქ. რატომ არის ადამიანი ამხელა ტკივილისათვის განწირული. რატომ იბადებიან საერთოდ? არ მჯერა რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ტკივილისა და ტანჯვის შემდეგ ქუჩაში იდგეს და ყინვასა და თოვლში მოწყალებისათვის ჰქონდეს ხელი გაწვდილი.
უმცროსი ბიჭი კიდევ ერთხელ დაიჭირეს, აჯერად სასჯელი უფრო მკაცრი იყო, საბოლოოდ 9 წელზე ჩამოუყვანეს. 9 წლის შემდეგ არაფერი შეიცვალა, დედა უფრო მეტად დაბერებულიყო. ისევ მუშაობდა ოღონდ სკოლაში დამლაგებლად. იქიდან გამოუშვეს, უკვე დაბერდიო უთხრეს.
ერთმა მისმა "პაძელნიკმა" მოსკოვში რაღაც საქმე წამოიწყო. ერთ კამერაში ისხდნენ. მერე რამდენიმეჯერ ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ და ასეთი საქმეებისთვის სწორედ სანდო და გამოცდილი მეწყვილე სჭირდებოდა.
თბილისში დაურეკა თავის მეგობარს. უთხრა შენ მთავარია ჩამოდიო, დანარჩენი ჩემზე იყოსო. მოსკოვში წასვლას ფული უნდოდა, ვიზა და მთელი ამბები. ორჯერ ნასამართლევს რუსეთში ღია კარით არ დახვდებოდნენ. დედას პირდებოდა ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია მე წავიდეო. ოქროს კოშკებს უგებდა. მოკლედ მაინც დაითანხმა და სახლი გაყიდეს. დედა იძულებული გახდა სარდაფში მოეწყო თავისი კუთხე. ეს სარდაფიც აღარ იყო მისი საკუთრება, მაგრამ ბინის ახალმა მეპატრონეებმა ქუჩაში გასაგდებად ვერ გაიმეტეს.
პრველ თვეებში რაღაც მცირე თანხას უგზავნიდა ბიჭი. პირველად რომ გამოუგზავნა ცრებლებად დაიღვარა. იფიქრა მის ტანჯვას ბოლო მოეღებოდა. შემდეგ უფრო და უფრო იშვიათად უგზავნიდა. ბოლოს ურეკავდა და ატყუებდა თანხა გამოგიგზავნე და გზაში დაიკარგაო. სულ ბოლოს რომ დაურეკა ფული მჭირდებაო უთხრა. ძალიან დიდ თანხაზე იყო საუბარი. ამის მერე საერთოდ აღარ შეხმიანებია. მეზობლებში ჭორები დადიოდა დაიჭირესო, ვიღაც შემოაკვდა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯესო.
დღეს...
დღეს კი სწორედ ისაა რითაც დავიწყე... 3 მარტი... დედის დღე... არმაშენებლის გამზირი და მოხუცი ბებო გაცრეცილი ჯოხით ხელში.

Tuesday, January 19, 2010




გარეთ ჯერ ისევ ღამე იყო, როცა კატის განწირულმა კივილმა გამაღვიძა..
ძალიან ვნერვიულობ, ჩემი ფიფო არსად ჩანს, ოთახები შემოვიარე, გარეთ წვიმს მაგრამ მე მაინც გავედი, არსად ჩანს არც ეზოში და არც ქუჩაში..
რამდენიმე დღის წინ ამეკვიატა ფიფოზე ფიქრი.. აქ ერთ–ერთ პოსტში მიწერია კიდეც, თუ რა არის ჩემი ფიქრების ბოლო.......((((
არ მინდა, რომ ჩემს ფიფოს რამე მოუვიდეს.. ძალიან, ძალიან ძვირფსია ჩემთვის..

Thursday, January 7, 2010

...შობის დილა...


...შობის დილა...
შობის დილა თენდება.. ბავშვები ისევ ლოგინში ვნებივრობთ, დედა კი დილიდან სამზარეულოში ფუსფუსებს. მამა მოუთმენლად ელოდება როდის გამოცხვება საშობაო კვერები და ისიც სამზარეულოში წრიალებს, ოღონდ არ იცის დედას რაში მიეხმაროს და სავარაუდოდ ხელს უშლის.

ეს საოცარი რიტუალია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩემი ბავშვობის მოგონებები. როგორც ბებია, როგორც პირველი თოვლი და ფანჯრებზე ლამაზი ყვავილები, ყინვას რომ მოუხატავს. მოკლედ ზამთარი, მთერი თავისი მშვენებით.

საშობაო კვერების სუნი მთელ სახლში ტრიალებს. დედა და მამა ოთახში შემოდიან, დედას დიდი საინი უჭირავს, ზედ ბევრი კვერები აწყვია, ერთ–ერთში სანთელი ანთია. მამა კვერებს გაბრწყინებული სახით გვაწვდის და გვახსენებს, თუ როგორ უნდა შემოვიტაროთ საათის ისრის მიმართულებით (დედას ყოველთვის ეშლება).

... ,,წელი მთელი, გული მხიარული... წელი მთელი, გული მხიარული... წელი მთელი, გული მხიარული“...

ბევრი წლის შემდეგ...
ძალიან მინდა მიხაროდეს, როგორც ადრე... მაგრამ მაინც სევდიანი განწყობით ვხდები შობას... ამის მიზეზი ძალიან ბევრია – 2010 წლის შობის დილას, აღარც საშობაო კვერების სუნი ტრიალებს სახლში, პატარა ბავშვებიც სადღაც გაქრნენ, ოთახშიც არავინ შემოდის – არც მომღიმარი, არც სევდიანი, არც გაბრწყინებული და არც ჩამქრალი თვალებით...
სახლში მინდა, ჩემს სახლში...
ბევრი წლით უკან...